1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 40 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 40 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 314 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი - 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 204, კახეთში - 191, იმერეთში - 152, სამცხე-ჯავახეთში - 81, ქვემო ქართლში - 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 49, გურიაში - 45, შიდა ქართლში - 40, მცხეთა-მთიანეთში კი - 35.
2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.