საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება ხვალ, 10 სექტემბერს, დასრულდება.
გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად კი სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge მიმდინარეობს.
რაც შეეხება მონაწილეობას, სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად კი განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71 - 100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7 - 4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
შეგახსენებთ, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში ვაკანსიებია გამოცხადებული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე: მერიის შესყიდვების განყოფილება - 1 ვაკანსია; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1; იურიდიული განყოფილება - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ბავშვთა დაცვის განყოფილება - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება -1; ქონების განყოფილება - 1; ბუღალტერიის განყოფილება - 1; ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება - 1; ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება - 2; მშენებლობის კონტროლის განყოფილება - 1; ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 3 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.