საზოგადოება
08.09.2026 16:36
სწავლის დაფინანსების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განცხადებების მიღება 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განცხადებების მიღება 2 ოქტომბრის ჩათვლით (09:00-დან 17:00 საათამდე) გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) განცხადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით სამსახურის რეგიონულ სამმართველოებში შეუძლიათ.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, დაფინანსების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს
სტუდენტის პირადობის მოწმობა (ასლი); სტუდენტის დაბადების მოწმობა (ასლი); ვეტერანის მოწმობა (ასლი) დავეტერანის პირადობის მოწმობა (ასლი). განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

იმ სტუდენტებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდებიან, პროგრამა არ ვრცელდება.

„ორივე სემესტრის დაფინანსება ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე გაიცემა. გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მოსაპოვებლად, 2027 წელს ახალი განცხადებები აღარ მიიღება.

წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, გამოასწოროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2026-2027 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება, ორივე სემესტრში ჯამში, შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს (თითოეულ სემესტრში - არაუმეტეს 562.50 ლარს)“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა 2023 წლიდან მოქმედებს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამის ბენეფიციართა 9 000-მდე მოთხოვნა დაფინანსდა.
კვირის ამბები