საზოგადოება
08.09.2026 16:28
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით, 374 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით, 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 32 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი დაფიქსირდა.

„ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ნადირობის 298 აკრძალული საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით კონტროლის კიდევ უფრო გავამკაცრებთ.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რომ დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა.
კვირის ამბები