გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ადაპტაციის გასამარტივებლად, დღეიდან ღია კვირეული დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სახლიდან საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ტრანზიციის (ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა) პროცესის ხელშესაწყობად, ღია კვირეული დაიწყო.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აღნიშნეს, საბავშვო ბაღებში ღია კვირეული 8 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით (10:00 სთ-14:00 სთ) გაიმართება და ღონისძიებაში ჩართულობა პატარებს ბაღის გარემოში ადაპტაციის პროცესს საგრძნობლად გაუმარტივებს.
ღონისძიების ფარგლებში მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, ბავშვებთან ერთად დაათვალიერონ ბაღის გარემო, გაიცნონ მომავალი აღმზრდელები და ერთად მიიღონ მონაწილეობა სახალისო აქტივობებში.
„ბავშვის ბაღში მისვლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება ახალი გარემოსა და ურთიერთობების მიმართ. სწორად წარმართული ტრანზიცია კი ეხმარება ბავშვს: უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებაში, სტრესის და შფოთვის დაძლევაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, ნდობის გაძლიერებაში როგორც მშობლის, ისე აღმზრდელის მიმართ.
გახსოვდეთ, მშობლის ჩართულობა და მხარდაჭერა საუკეთესო საფუძველია იმისა, რომ ადაპტაციის პროცესი ბავშვისთვის იყოს მშვიდი, სასიამოვნო და პოზიტიური“, - აღნიშნეს სააგენტოში.
შეგახსენებთ, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 15 სექტემბრიდან განახლდება.