გორელი პედაგოგი თეა ხუროშვილი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტია
გორელი პედაგოგი თეა ხუროშვილი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2025-2026 წლის კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია.
ფინალისტი პედაგოგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის და ბერშუეთის საჯარო სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიებს და სახვითი და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის.
როგორც თეა ხუროშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ხუთ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრა მოტივაციასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა.
„ხუთ ფინალისტს შორის ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი, სიამაყე და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მის უკან დგას შრომა, უამრავი იდეა, ძიება, გამოწვევა და, რაც მთავარია, ჩემი საქმის და მოსწავლეების სიყვარული.
ხუთეულში მოხვედრას არ ვუყურებ როგორც უბრალოდ ფინალს - ჩემთვის ეს არის დიდი მოტივაცია და ახალი ეტაპის დასაწყისი.
11 სექტემბერს, როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, უკვე უზომოდ ამაყი და მადლიერი ვარ იმ გზისთვის, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად გავიარე“, - განაცხადა თეა ხუროშვილმა.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო ყოველწლიური კონკურსია, რომელიც გასულ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსის მიზანი სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, სწავლების ხარისხის ამაღლებაა.
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი 11 სექტემბერს გამოვლინდება.