
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზად არიან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სასწავლო პროცესს სკოლები საკუთარ შენობებში განაახლებენ.
როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გია ბერძნიშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 67 საჯარო სკოლიდან, მიმდინარე სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო, სამი სკოლის მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში ივლიან. კერძოდ, ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ხიდისთავის საჯარო სკოლაში ჩაუტარდებათ, გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის მეექვსე საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას, ხოლო გორის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები კვლავ გორის პირველ საჯარო სკოლის შენობაში ივლიან.
ცოტა ხნის წინ დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სრულად განახლებულ გარემოში დაიწყებენ სწავლას.
ამასთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ ფუნქციურია სოფლის აქამდე მოქმედი სკოლის შენობაც და შესაბამისად, ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე, არაშენდელი მოსწავლეები სკოლის ძველ შენობაში განაგრძობენ სწავლას.