საზოგადოება
07.09.2026 14:07
სახელმწიფომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ შეიძინა - პრეპარატი საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ საქართველოში კვირის დასაწყისში ჩამოვა, - აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ. შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მოლაპარაკება დასრულდა. ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა, ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს.

გასული წლის 1-ელი მარტიდან კი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე ენიჭებათ.
კვირის ამბები