გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 8 პროექტი ხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არსებული ობიექტების განახლების მიზნით, 8 პროექტი ხორციელდება. მათ შორის, 4 პროექტი უკვე დასრულებულია, 4 კი მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, პროექტები მუნიციპალიტეტში ბავშვების და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სპორტული გარემოს შექმნას ემსახურება.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპორტული მოედნების მიმართულებით 3 პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება სადგურის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ - საფეხბურთო კლუბ „გორის“ ტერიტორიაზე და სოფელ ფლავში.
სპორტული დარბაზების და შენობების მიმართულებით 4 პროექტი დასრულებულია, ერთი კი მიმდინარეობს. კერძოდ, დასრულდა ქართლის სტადიონის და „ახალბაღის“ ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების და ფეხბურთის მოედნების დამხმარე შენობის მოწყობა, სპორტსკოლის დარბაზების რეაბილიტაცია, ასევე პაპიტაშვილის და სხირელის სახელობის სკოლების შენობების გაფართოება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები სოფელ ხიდისთავშიც“, - აცხადებენ გორის მერიაში.