მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 17 პროექტი დააფინანსა
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური მიმართულებით მოქალაქეების მხარდაჭერას აგრძელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2026 წელს 17 პროექტი დააფინანსა, რომლითაც 3 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. პროექტები სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებზეა გათვლილი, მათ შორის არიან მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული ხანდაზმულები, ბავშვები, შშმ პირები, დევნილები, დაზარალებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.
„პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის, შინმოვლის, სამედიცინო და სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო-განმავითარებელი და საყოფაცხოვრებო სერვისები. მარტოხელა ხანდაზმულები, შშმ პირები, დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები სარგებლობენ, ასევე ფსიქო-ემოციური მხარდაჭერით, დღის ცენტრების მომსახურებით, საზაფხულო ბანაკებით, უფასო კვებით და 24-საათიანი თავშესაფრით.
განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ რეაბილიტაციას და სოციალიზაციას, ასევე საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
„სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ 2026 წლის ბიუჯეტი 497 000 ლარით განისაზღვრა. პროექტები კი, დაფინანსების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს.