უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა
გორში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიბას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ასევე ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფაა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე, 1900 ადამიანი საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ცნობისთვის, მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 30 აგვისტოს აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა, საქართველოში კი, ოფიციალურად, ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება.