წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის ეკონომიკური ზრდა 7.9%-ს გაუტოლდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მთავარი წარმმართველი კერძო სექტორის და ბიზნესის აქტივობის ზრდაა. კერძოდ, 2026 წლის ივლისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის ივლისთან შედარებით 14.1%-ით არის გაზრდილი.
„ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდა და ახალი საწარმოების რეგისტრაციის დადებითი დინამიკა ხაზს უსვამს, როგორც გაზრდილ სამეწარმეო აქტივობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკური გარემოსადმი ინვესტორთა და ბიზნესის ნდობას.
ამასთანავე, იანვარ-ივლისში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. იანვარ-ივლისში საქონლის მთლიანი ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და 4,670.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 64.1% შეადგინა და 2,854.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება დარგობრივ ჭრილს, ივლისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ჯანდაცვის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა დინამიური და დივერსიფიცირებულია“, - აცხადებენ სამინისტროში.