საზოგადოება
31.08.2026 14:56
ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა ცენტრი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ვიზიტორთა მომსახურების და ეკოტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ტანას აღკვეთილში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი ადმინისტრაციული შენობის და ვიზიტორთა ცენტრის დაგეგმვა/მშენებლობას, ასევე ეკოტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების ქსელის, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეების, ცეცხლის დასანთები ადგილების, ტურისტული თავშესაფრების და სარეინჯეროების მოწყობაა დაგეგმილი.

„პროექტიგერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ტანას აღკვეთილი დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებას და ტანას აღკვეთილში მოგზაურობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნას“. - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები