1795 აბიტურიენტს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ - გივი მიქანაძე
სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გამონაკლისი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მხოლოდ წელს იქნება, რომლის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრია.
„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ. მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვის და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით ერთჯერადად იქნა მიღებული.
სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ. თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად დაუფინანსდება, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.