საზოგადოება
31.08.2026 13:24
ბოშურის საველე ბანაკი დასრულდა - გორის მერი დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
პროექტის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ ფარგლებში, ბოშურში საველე ბანაკი დასრულდა და დასკვნით ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.

საველე ბანაკში გორის მუნიციპალიტეტიდან წელს 500 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 14-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები კი მრავალფეროვან, საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.

ბანაკის მონაწილეებს, პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და გამოცდილებასთან ერთად, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას, აღმოეჩინათ საკუთარი ინტერესები და განევითარებინათ პიროვნული, სოციალური და პროფესიული უნარები. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, სპორტსმენებს, პოლიციელებს, სამხედროებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი გამოცდილება გაიზიარეს.

„ბოშურის საველე ბანაკმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, სასწავლო პროცესთან ერთად დრო ბუნებრივ გარემოში გაეტარებინათ, ახალი მეგობრები შეეძინათ და სხვადასხვა მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაეზიარებინათ“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, პროექტი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ თანადაფინანსებით განხორციელდა.
კვირის ამბები