საზოგადოება
27.08.2026 11:42
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი პოემების ხელით გადაწერა მიმდინარეობს
გორის მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას პოემების ხელით გადაწერა მიმდინარეობს.

პროექტი ქართველი კლასიკოსის დაბადებიდან 165 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება და როგორც მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ხელნაწერი წიგნი ვაჟა-ფშაველას სახელის უკვდავყოფას, დაფასებას და მომავალ თაობაში დიდი მწერლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რაც შეეხება მონაწილეობას, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და თავისი ხელწერით გახდეს ისტორიის ნაწილი. მსურველი კი უნდა მივიდეს გორის მწერალთა სახლში (სტალინის ქ. 31) და საკუთარი კალიგრაფიით შეუერთდეს დიდი ქართველი მწერლის სახელის უკვდავყოფას.

დიდი ქართველი მწერალი ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი, 1861 წლის 14 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში დაიბადა. წერდა ლექსებს, პოემებს და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა გაზეთ „დროებაში“.

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კვირის ამბები