დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა კი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიიღო: სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ კი თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.
პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.