საზოგადოება
25.08.2026 12:00
საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს.

25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. რაც შეეხება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩს, ბილეთების გაყიდვა დღეს, 25 აგვისტოს, დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ biletebi.ge-ზე შეუძლიათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები