საზოგადოება
24.08.2026 15:38
15 სექტემბრიდან სასკოლო ფორმების შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი
15 სექტემბრიდან სასკოლო ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge. ხოლო 15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

რაც შეეხება ონლაინ პლატფორმას - formebi.emis.ge, პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებს და ღირებულებას; ასევე რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციას.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.
კვირის ამბები