საზოგადოება
24.08.2026 14:00
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, 73 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 - აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 - მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

„ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 45 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი ამოიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო ამკაცრებს. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი უფრო ეფექტიანი გახდა და ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა.
კვირის ამბები