საზოგადოება
24.08.2026 11:36
შიდა ქართლის რეგიონის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ვაკანსიები ცხადდება
შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ვაკანსიები ცხადდება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ჯამში, 71 ვაკანსია ცხადდება და სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

რაც შეეხება ვაკანსიებს, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირება 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე (მერიის შესყიდვების განყოფილება - 1 ვაკანსია; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1; იურიდიული განყოფილება - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ბავშვთა დაცვის განყოფილება - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება -1; ქონების განყოფილება - 1; ბუღალტერიის განყოფილება - 1; ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება - 1; ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება - 2; მშენებლობის კონტროლის განყოფილება - 1); ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე, საკრებულოს აპარატში კი 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 18 ვაკანსიაზე, საკრებულოს აპარატში 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

ქარელის მუნციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე, საკრებულოს აპარატში 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
კვირის ამბები