2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 24 აგვისტოს დაიწყო.
მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge-ზე შეძლებენ. პროცესი 8 სექტემბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, რეგისტრაციის პროცესში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა და ისინი პრიორიტეტის მიხედვით დაალაგოს.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მობილობის უფლება ეძლევათ იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტს 2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ საფუძვლით სტატუსის აღდგენა ვერ ხერხდება. მობილობის შესაძლებლობა მათ ერთწლიანი სწავლის წინაპირობის გარეშე ეძლევათ.
„მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის გადახდა.
მობილობის საფასურისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებში, ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან BOGPAY.GE-ის სერვისებით.
ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უნდა გაიაროს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსი. შიდა კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტს მობილობის ელექტრონულ პორტალზე დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც შიდა კონკურსის საფუძველზე დაწესებულების თანხმობა მოიპოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტს ელექტრონული პორტალის პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლება.