გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ადგილობრივმა მოკრივეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს
ექვსი მედლით დაასრულეს გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.
პირველობა 17-წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის მიმდინარეობდა და მედლებისთვის ხუთი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ყაზახეთი) 180 მოკრივე ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ 20-დან 15 წონით კატეგორიაში ჩემპიონობა საქართველოს წარმომადგენლებმა იზეიმეს.
რაც შეეხება ადგილობრივ პრიზიორებს, ლიზა ლობჟანიძე (70 კგ; ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა; მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი), ზაზა მდინარიძე (54 კგ; გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა; მწვრთნელი მიხეილ გაბინაშვილი) და ნიკოლოზ ხიზანიშვილი (63 კგ; გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა; მწვრთნელი გელა სხირტლაძე) შეჯიბრის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ლუკა ქიტუაშვილმა (66 კგ; ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა; მწვრთნელები: ნიკოლოზ ანდღულაძე, ავთანდილ შოშიაშვილი) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.
ბრინჯაოს მედალს კი ანანო ქობულაშვილი (50 კგ; გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა; ბადრი ყულუმბეგაშვილი) და შოთიკო თანდიაშვილი (57 კგ; გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა. მწვრთნელი გელა სხირტლაძე) დაეუფლნენ.
გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ხელისუფლების და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.
ცნობისთვის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეთხუთმეტედ ჩატარდა. შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.