ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი.
კონტინენტის პირველობას ბულგარეთის ქალაქ სამოკოვმა უმასპინძლა. ასპარეზობები 15-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა.
რაც შეეხება პრიზიორებს, ედუარდ მანველიშვილი (75 კგ.) ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ვერცხლის მედლისთვის შეხვედრაში გორელი სპორტსმენი თურქ ემირჰან იუქსელთან დამარცხდა.
ლუკა დოთიაშვილმა (44 კგ.) მესამე ადგილისთვის თურქი ბუგრა ელდემირი 10-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს პრიზიორია ზურაბ დოთიაშვილიც (48 კგ.), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი მუჰამედ სარი 10-0 დაამარცხა.
მესამე ადგილი დაიკავეს გიორგი ლობჟანიძემ და ანდრია დოიჯაშვილმაც. ლობჟანიძემ (52 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლატვიელი ანრის არსენთეიევუ 10-0, დოიჯაშვილმა (85კგ.) კი მოლდოველი იონ პელივანი 6-0 დაამარცხა.
საპრიზო ადგილზე გასულ გორელ მოჭიდავეთაგან ყველა ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
სპორტსმენთა პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.