ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2026“ 3 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე სკვერში 12:00 საათიდან დაიწყება და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობას თუ აქტივობას მოიცავს. კერძოდ, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, მოეწყობა გორის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები. ასევე, გაიმართება თოჯინების თეატრი - „ჯადოსნური ტყის საიდუმლო“, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე კი „ლომჭაბუკის“ ძეგლთან არსებული სკვერის მიმდებარედ საგამოფენო სივრცე ანიმაციური ფილმების ჩვენებას და ნახატების გამოფენას უმასპინძლებს.
„გორის დღე 2026“ ოფიციალურად 15:00 საათზე გაიხსნება.
17:00 საათზე ერისთავის თეატრის ეზოში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის საიუბილეო ღონისძიების გახსნაა დაგეგმილი, ხოლო 18:00 საათზე, ერისთავის თეატრში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი და გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართება.
სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს: „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარედ, 19:00 საათზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ბენდი - „Soft Wave“ წარსდგება. 20:00 საათიდან კი მაყურებლის განწყობაზე ჯგუფი ¼ და ლინდა ადამია, ასევე დიჯეი გიგა პაპასკირი იზრუნებს.