30.09.2026 17:10
2027 წელს პენსიები გაიზრდება
2027 წელს პენსიები გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 60 ლარით გაიზრდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის პირის პენსია რომელიც მთაში ცხოვრობს 665 ლარით განისაზღვრება.
მისივე თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.
„შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს (390 ლარი). იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4%-ით მოიმატებს საჯარო სექტორში.
ორშაბათიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებში. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს - რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და ის გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენაზე“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

