საქართველოს რკინიგზას ახალი მიმართულებები დაემატება, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
როგორც აღინიშნა, უახლოეს მომავალში კომპანია რეისებს თბილისი-ქუთაისი-თბილისის და თბილისი-ახალციხე-თბილისის მიმართულებებით შეასრულებს. ამ ეტაპზე თბილისი-ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც მგზავრები ახალციხეში სამ საათში ჩავლენ.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრობის დროის შემცირებასთან დაკავშირებითაც. ზაფხულის სეზონის ბოლოსთვის დედაქალაქიდან ბათუმში მატარებლები ოთხ საათში იქნებიან.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს. ე.წ. „კუკუშკა“ მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება.