გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი რეგიონებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებს და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
როგორც კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, ყარაღანდა გორისთვის პირველი დამეგობრებული ქალაქია ყაზახეთში, რაც ეკონომიკური და კულტურული დიალოგის გააქტიურების საუკეთესო წინაპირობაა.
ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.
ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ყარაღანდაში შეხვედრები გაიმართა ოლქის გუბერნატორთანაც. მხარეებმათანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ერმაგანბეტ ბულეკპაევის თქმით, ყარაღანდის ოლქი მდიდარი ნედლეულით და სტრატეგიული მდებარეობით ღიაა ინვესტიციების და ექსპორტის გაფართოებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე გაკეთდა.
სიმონ გულედანმა ხაზი გაუსვა ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებს და ეკონომიკურ პოტენციალს. როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ტურიზმის გარდა, თანამშრომლობის დიდ რესურსს სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სამშენებლო მასალების წარმოება იძლევა.