
„მონოლოგები“ - დაიბეჭდა გორელი პოეტის აკაკი ბიძინაშვილის მორიგი წიგნი, რომელშიც ავტორის ახალი ლექსებია თავმოყრილი.
წიგნის რედაქტორი ჯემალ ინჯიაა. პოეტს კრებულის გამოცემის პროცეში ფინანსური მხარდაჭერა კი ტიტულოვანმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გაუწია.
აკაკი ბიძინაშვილი - 89 წლის პოეტი ათზე მეტი წიგნის ავტორია: „ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“ და სხვ. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი.
უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმა.
ავტორის ლექსებზე შექმნილია სიმღერებიც.
აკაკი ბიძინაშვილი 1936 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს აკაკი წერეთლის, გიორგი შატბერაშვილის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიები, მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის მედალი და ქართული პოეზიის რაინდის წოდება.
როგორც „გორის მაცნესთან“ აკაკი ბიძინაშვილმა აღნიშნა, ახლო მომავალში, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კიდევ ერთი წიგნის გამოცემას გეგმავს.
პოეტს 25 სექტემბერს 90 წელი უსრულდება.
გთავაზობთ ლექსს პოეტის ახალი კრებულიდან:
აქ ვდგავარ!
გზად ვინ არ გადამეყარა, ვინ არ მომიდო შარი,
მართლაც, ჭრელია ქვეყანა, რა არ მინახავს თვალით.
რამდენჯერ გადავუარე ზედ ჩემთვის გათხრილ საფლავს,
დღეებს მოველი უარესს, ტალღა უწვდება აფრას.
არ დამითმია სავალი, ხელში მეჭირა ხმალი,
არ დავუნდვივარ არავის, ვინც კი მოყვარედ ვცანი...
სუფრა ვაჩვენე სალხინო, სკამი დავუთმე სახლში,
„ვაჭმიე: პური და ღვინო“, მოტყუებული დავრჩი.
მებრძოდა, როგორც სელაპი, მტერის ოქრო და ვერცხლი,
ვერ შევითვისე ვერაფრით ჭიკჭიკი ორპირ მერცხლის.
უფალთან პასუხს მივაგებ, ანგელოზს ნათლად ვხედავ,
ვერ იქნა და ვერ მივაგენ, თამარ დედოფლის ცხედარს.
მაშფოთებს, ეჭვით ვუყურებ, კრწანისში მოძმის ღალატს,
ვაი, რომ ვერ დავუბრუნე, შვილები ცოცხლად არაგვს.
ერთხელ კი არა, ათასჯერ გავსულვარ ბრძოლის ველზე,
წყეული ორად გადავჭერ, ძმას და მეგობარს ვენდე.
მინახავს ბევრი მენცარი: ჩაუნგრევია ხიდი,
იმასაც კი მოვესწარი, წყალი რომ აღმა მიდის.
დასტრიალებენ ორბები ქართული მიწის სამანს,
ტრიალებს წუთისოფელი, მე კი ისევ აქ ვდგავარ!