საზოგადოება
04.02.2026 11:54
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 30 სოფელში უკვე შეარჩიეს

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის პროცესს ადგილზე ეცნობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით 30 სოფელში უკვე შეარჩიეს. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეობა მუნიციპალიტეტის კიდევ 82 დასახლებულ პუნქტში შეარჩევს და, ჯამში, 112 პროექტი განხორციელდება.

თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

კვირის ამბები