საზოგადოება
11.12.2025 14:24
არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება და დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს.

„ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები - რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და, დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

შეგახსენებთ, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხ ლოკაციაზე შეუძლიათ: „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (ჭავჭავაძის გამზ. 56), „გორმედი“ (ცხინვალის გზატკ. 14), „მედიქალ ცენტრი“ (სუხიშვილის ქ. 63) და „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი" (სოფელი ნიქოზი).

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შაბათ დღესაც ხელმისაწვდომია.

კვირის ამბები