
დღეიდან, 10 დეკემბრიდან, ავსტრალიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს არ შეეძლება ისეთი სოციალური მედიის აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok, Instagram, Snapchat, X, Facebook და სხვა.
კანონი არ ითვალისწინებს მოზარდებზე ან მათ ოჯახებზე სანქციების დაკისრებას, სამაგიეროდ, სოციალური მედიის კომპანიებს ავალდებულებს, აუკრძალონ 16 წლამდე ასაკის პირებს ანგარიშების ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული ჯარიმები (49,5 მილიონი ავსტრალიური დოლარი) დაეკისრებათ.
ახალი კანონის ავტორების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია ონლაინ უსაფრთხოების გაზრდა, თუმცა UNICEF Australia მიიჩნევს, რომ რეალური გამოსავალი სოციალური მედიის უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა იყოს და არა მხოლოდ მოზარდებისთვის წვდომის შეფერხება.
YouTube-ზე აღნიშნული კანონი არ ვრცელდება, რადგან ავსტრალიის მთავრობა მას საგანმანათლებლო ინსტრუმენტად მიიჩნევს. კანონის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ YouTube-ის გამოყენება მშობლების ანგარიშის გამოყენებით და მათი მეთვალყურეობით, რასაც სხვა კომპანიები აპროტესტებენ და მოითხოვენ, აკრძალული პლატფორმების ჩამონათვალში შეიტანონ YouTube-ც.
მოზარდებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომას დაბლოკვის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები ეხმაურებიან. ორმა ავსტრალიელმა მოზარდმა უკვე შეიტანა სარჩელი კანონის დაბლოკვის მოთხოვნით, სადაც აღნიშნავენ, რომ ახალი კანონი არღვევს მათი პოლიტიკური გამოხატვის უფლებას. ამასთან, ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით.
რაც შეეხებათ კანონმდებლებს, მათი განმარტებით, კანონი მიღებულია წლების განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რომ სოციალური მედიის პლატფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში დამოკიდებულება, სხეულის განვითარების პრობლემები, დეპრესია და სხვა სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე პოტენციურად აქციოს მოზარდები ბულინგის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად.