საზოგადოება
03.12.2025 13:52
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა - რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ბენეფიციარებს

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული და თანასწორი ჩართულობის გაზრდის და მათი ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების შესაბამის სერვისებს სთავაზობს. კერძოდ, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა მომსახურებით, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებას და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას გულისხმობს.

„2023 წლიდან, შშმ პირთა სოციალური პაკეტის ყოველწლიური ზრდისთვის, ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა, რომლის თანახმად, შშმ პირები ყოველწლიურად ინფლაციის შესაბამისად გაზრდილ გასაცემელს იღებენ. ასევე, მათი დასაქმებისთვის, დასაქმების ფორუმები იმართება და სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით სარგებლობენ, რაც, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ 2009 წელს მოაწერა ხელი. კონვენცია ითვალისწინებს, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებების და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.

კვირის ამბები