მამა-შვილის - დავით და გიორგი ცაციაშვილების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დააკმაყოფილა პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნებოდა საქმეში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.
,,საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, ეს მტკიცებულებები უშუალოდ ამხელენ ბრალდებულს, არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვიოთაც გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება", - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ნოდარ ცინცაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდებულს, სერგო ახალკაცმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალდება 29 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
,,გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილებს შორის კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა, მათივე ინფორმაციით, სერგო ახალკაცსა და დავით ცაციაშვილს შორის აღნიშნული მოტივით კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.