რეგიონი
14.05.2025 11:47
შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება - სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

შიდა ქართლში, სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი 4-ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდს, 5 გვირაბს მოიცავს და ამ დროისთვის ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, ახალი გზა გვერდს აუვლის სურამს და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.

„მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.

სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობის და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სურამში შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მოადგილეებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კვირის ამბები