სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“ მამა-შვილის - დავით და გიორგი ცაციაშვილების მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ სერგო ახალკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალდებულის ინტერესებს ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი ნოდარ ცინცაძე დაიცავს. ცინცაძის თქმით, ახალკაცს უკვე შეხვდა, თუმცა, მისი პოზიციაზე კომენტარს ბრალდების ოფიციალურად წარდგენის და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
,,დღეს შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ვისაუბრეთ, მას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, დღეს წარუდგენენ, ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც ოფიციალურად წარედგინება ბრალი და საქმის მასალებს გავეცნობი“, - განაცხადა ცინცაძემ.
ინფორმაციისთვის, გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,გალერეას“ შენობაში მკვლელობა გუშინ დილით მოხდა. 50 წლის სერგო ახალკაცმა, რომელიც წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიას ფლობს, ამავე სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიის მფლობელს 55 წლის დავით ცაციაშვილს და მის ვაჟს, 30 წლის გიორგი ცაციაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, სროლის შედეგად, ცეცხლნასროლი დაზიანებით გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით ცაციაშვილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სერგო ახალკაცი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.