შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კასპში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
საბჭოს სხდომაზე შეკრებილებმა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ფონდიდან 10 000 000 ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხიდან 4 847 000 ლარი შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება და გორის მუნიციპალიტეტში - შვიდი, ქარელის მუნიციპალიტეტში - სამი, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში კი ორ-ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.