თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია 2024 წლის 2 დეკემბრიდან დაიწყება და 2025 წლის31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატების და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
„პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, აუცილებელია, კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები შესაბამისი გრაფიკით უკვე ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლის და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).