სპორტი
15.05.2024 12:33
გორი ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს

გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

საშეჯიბრო ნაწილი გორის სპორტის სასახლეში 25 და 26 მაისს ჩატარდება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.

ცნობისთვის, დამსახურებული მწვრთნელის მემორიალურ ტურნირს გორი მეოთხედ უმასპინძლებს.

კვირის ამბები