ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. სალომე ზურაბიშვილმა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და აკადემიას საჩუქრად მისი ოჯახის კუთვნილი - გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი გადასცა.
„თქვენ ხართ იმ ქვეყნის შვილები, რომელსაც კლავდნენ, მაგრამ არ კვდებოდა. 25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან გამარჯვება წლების შემდეგ, მაგრამ მაინც, 1991 წელს მოვიდა. ასევე, გამარჯვებაა ის, რომ დღეს, მე, ემიგრაციის წარმომადგენელი, ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ესწრებოდა. სტუმრებმა გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით წარმოდგენილი იქნება აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. აღნიშნული საგამოფენო სივრცე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მომზადდა.