საზოგადოება
26.02.2020 13:52
34 დევნილ ოჯახს გორში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში, 34 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

ფართების გადაცემის პროცესს, დევნილ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე ტიკარიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი: „დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ღონისძიება, გორში 34 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადავეცით. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე, დაგეგმილი გვაქვს, 2500 საცხოვრებელი ბინის გადაცემა ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. ასევე, იგეგმება 1500 ოჯახისთვის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, GMnews-თან საუბრისას  მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ბინებით უზრუნველყოფა არამხოლოდ დევნილი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, არამედ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება დადებითად. „ეს ადამიანები, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს კი, ყველა ერთად, ამ მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი გავხდით. წლების განმავლობაში, მათ საკმაოდ რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევდათ ყოფა, ამიერიდან კი, მოწესრიგებულ და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოწყობილ საკუთარ ბინებში გააგრძელებენ ცხოვრებას“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხის განიხილვა ერთი თვის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე 34 მსურველის განცხადება დააკმაყოფილა. 

კვირის ამბები