კონფლიქტები
15.11.2023 19:35
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

,,ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა პეტრიაშვილი მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს, 27 ივლისს კი, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ლევან პეტრიაშვილს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კვირის ამბები