კონფლიქტები
02.11.2023 15:48
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, -  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

„უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

კვირის ამბები