საინტერესო ამბები
09.10.2023 13:40
ღაზა - ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილი მსოფლიოში, რომლის აღება ალექსანდრე მაკედონელმა მხოლოდ ორთვიანი იერიშების შედეგად შეძლო

ღაზა პალესტინისა და ღაზას სექტორის უდიდესი ქალაქი და ღაზას მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრია. არაოფიციალურად ღაზა კონტროლდება რადიკალური ისლამური ორგანიზაცია ,,ჰამასის“ მიერ.

ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ-დასავლეთით, 11 კმ მანძილზე ესაზღვრება ეგვიპტე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, 51 კმ მანძილზე კი - ისრაელი.

ღაზას სექტორი პალესტინის შემადგენელი რეგიონია. პალესტინის სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში, ეროვნული საბჭოს სხდომაზე. იგი არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი და აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.  ქვეყანა შედგება ორი ერთმანეთისგან დაშორებული ტერიტორიისაგან: მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი და ღაზას სექტორი. 2011 წლის 29 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა. 2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა.

ისტორიული წყაროების თანახმად, ღაზას დასახლება შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-15 საუკუნეში და სხვადასხვა დროს, მრავალი ხალხის და იმპერიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე კი, ღაზა ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67), კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთისა (1918–48) და თურქეთის (როდესაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2007 წლიდან, ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველობას ახორციელებს ,,ჰამასი“ -  პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას და პალესტინელ ხალხს.

ღაზას ტერიტორიის სიგრძე 41 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ, მთლიანი ფართობი კი 365 კმ²-ს შეადგენს და ღაზის სექტორი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიად ითვლება. რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, ღაზაში 1,82 მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიტი მუსლიმია.

ძვ.წ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელმა ღაზას ალყა შემოარტყა, ქალაქმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობელს. ბრძოლებში ალექსანდრე მაკედონელი დაიჭრა. 2 თვიანი იერიშების შედეგად ღაზა დაეცა.

რაც შეეხება ,,ჰამასს“, „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ პალესტინის სუნიტური-ისლამისტური ფუნდამენტალური მოძრაობაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ,,მუსლიმთა საძმოსთან“. როგორც ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, ,,მისი მიზანია პალესტინის განთავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან და დასავლეთ სანაპიროზე ისლამური რესპუბლიკის შექმნა“.

,,ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ. ,,ჰამასი“ ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია ამგვარი თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.

რაც შეეხება ,,ჰეზბოლას“ (იგივე ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა), რომელმაც მხარი დაუჭირა ,,ჰამასს“, ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980-იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბეკაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელის, აშშ-ს და კანადის მიერ.

შეგახსენებთ, ,,ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით 7 ოქტომბერს დაიწყო, ამ დროiსთვის დადასტურებული ინფორმაციით, ორივე მხარეს დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასი დაშავებულია, არიან დაკარგულები, ,,ჰამასს“ ტყვედ ჰყავს აყვანილი ისრაელის 130-ზე მეტი მოქალაქე. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ ძირითადი კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე, 8 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდა ომი.

კვირის ამბები