ტურიზმი
29.09.2023 13:30
გორში ტურიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს, 2024 წელს ამ დღის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მოსწავლეთა ტურისტული სასკოლო კლუბების წევრები და გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუზეუმების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გორის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამაზ მაყაშვილმა სააგენტოსა და მუზეუმების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილების პრეზენტაცია მოეწყო.

ცნობისთვის, 27 სექტემბერი მსოფლიო ტურიზმის დღეა. თარიღი 1979 წელს WTO-ს (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია) შეხვედრაზე დაარსდა, რომელიც ესპანეთის საკურორტო ქალაქ ტორემოლინოში გაიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, ტურიზმის დღის მიზანი, არა იმდენად ამ დარგზე ყურადღების მიქცევაა, არამედ ამ სფეროს, როგორც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კომპონენტის პოპულარიზაცია.

2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს - ამ დღის მთავარი თემა „მშვიდობა და ტურიზმი“ იქნება.
კვირის ამბები