საზოგადოება
05.09.2023 14:16
შსს-ს ინიციატივა ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს შსს-ს ინიციატივას, რომელიც ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც უწყების ინიციატივაშია აღნიშნული, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა კი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას.

„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა,“- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

კვირის ამბები