შიდა ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, მალე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები მოზარდებიც შეძლებენ. პროექტის ფარგლებში, სოფელში არსებულ საჯარო სკოლას მეორე ფლიგელიც დაემატება. შენობა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ახალი ფლიგელის მშენებლობაზე 3 030 000 ლარი გაიხარჯება და პროექტი 12 საკლასო ოთახის, კლასკაბინეტების, დახურული სპორტული დარბაზისა და ღია მინი სპორტული მოედნის განთავსებას ითვალისწინებს.
„ხოვლეს საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სწავლება ორცვლიანია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები ერთ ცვლაში, კეთილმოწყობილ სასწავლო დაწესებულებაში ისწავლიან, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი რომ ბავშვებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ,“- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროსა და წინარეხშიც მიმდინარეობს. ახალი საჯარო სკოლის აშენება დაგეგმილია სოფელ ქვემო გომშიც.