კულტურა
29.08.2023 13:14
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზის“ ჩატარების თარიღი ცნობილია - მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას ნიქოზის ხელოვნების სკოლა პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით  უმასპინძლებს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც გაიმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ჩატარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და უცხოელი სტუმრებისათვის იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო ახლოს გაეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ისტორიას.

„ქვეყნად ბევრი რამ მომხდარა, მაგრამ სასწაული ისაა, რომ ადამიანი შეიძლება ადამიანად დარჩეს! თუ დიდხანს, მძიმედ დააკვირდები ცხოვრებას, ხელოვნებას, ლიტერატურასა და იგავებს, ისინი ადამიანს აძლევენ საშუალებას დაინახოს, განიხილოს და შეიცნოს საკუთარი თავი, რაც ალბათ ყველაზე გადამწყვეტია ცხოვრებაში. ეს არის ხელახალი დაბადება - სიხარულისა და ახალი სიცოცხლისათვის...

აქ, სოფელ ნიქოზში, სამყაროს ამ პატარა ცენტრში, ჯერ კიდევ ჩანს ომის კვალი, მოგონებები კვლავ ინახავს ომის სურათებს. მადლობა ყველას, ვინც ანიმაციის ხელოვნებაში მუშაობს, ვინც ალეგორიული ნარატივების ოსტატია, რომ ჩვენს პატარა გულში მოხვედით!...

ჩემი სურვილია, რომ ღმერთმა გაგაგზავნოთ სამყაროს ცენტრებში, სადაც მუშაობთ და იმკვიდრებთ სიკეთით და მშვიდობით“, - მიმართავს სტუმრებს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.

 

 

კვირის ამბები