საინტერესო ამბები
28.07.2023 12:18
გორის-ჯვრის აბანო - კურორტი, რომლის ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი საუკუნეზე მეტია, სამკურნალოდ გამოიყენება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, რომლის ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იყო პოპულარული. გორის ადგილობრივ არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, აბანოს კარ-მიდამო ხშირად სავსე ყოფილა ჩარდახიანი ურმებით, რომლის პატრონებიც გორიჯვრის აბანოში შორეული სოფლებიდან ჩამოდიოდნენ.

,,გორის მაცნე“ გთავაზობთ გორის ადგილობრივ არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  ქეთევან მაჭარაშვილის მიერ მომზადებულ მასალას.

,,საკმარისია დათვალიერება ამ მინერალური აბანოს არე-მარესი ზაფხულის რომელიმე დღეში, რომ ყველა აშკარად განისმჭვალოს მისი დიდი მნიშვნელობით. აბანოს კარ-მიდამო ხშირად სავსეა ჩარდახიან ურმებით, რომლის პატრონებიც მოსულან აქ სხვა და სხვა შორეულ სოფლებიდან. აი ორიოდე მრავალ-მეტყველი ციფრი: ა. წ. ენკენისთვის განმავლობაში აბანოთი უსარგებლია 1020 პირს, აქედან საბჭოთა მოხელე ყოფილა 268 და დანარჩენი 752 კერძო, ასეა ყველა თვეებში მთელი სეზონის განმავლობაში“ (1925 წ).

1924 წლის 12 აგვისტოს პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გორიჯვრის აბანოში მაგარი სასმელების გაყიდვის აკრძალვის და ,,ჩაშკა-ჩაის" გახსნის შესახებ.

1926 წელს გამოიცა სავალდებულო დადგენილება გორიჯვრის მთის ფერდობის და ტყის დაცვის შესახებ, დადგენილების თანახმად, აიკრძალა გორიჯვრის ფერდობის ტყეში, დაწყებული ქვა-შავის ტყიდან ვიდრე გორისის ქედის დასავლეთ ფერდობამდის ხეების, ჩირგვების და ბუჩქების ჩეხვა და დაჭრა, აიკრძალა საქონლის ძოვება და ცეცხლის დანთება, ახალი ახოების გაჭრა და უკვე არსებული სახნავი მიწების გაფართოვება, აიკრძალა გუდურების და ხელის ურმების თრევით გამოტარება. სავალდებულო დადგენილების დამრღვევი ჯარიმდებოდა 100 მანეთით ან ორ თვემდე გამასწორებელ სახლში დაპატიმრებით.

1928 წლის ივნისის დადგენილებით გორის ,,ეპო"-ს დაევალა გორიჯვრის გოგირდის აბანოსთან სავაჭრო ფარდულის მოწყობა მოსული ავადმყოფების და მათი მხლებლების  მომსახურების მიზნით. 

1928 წლის ივლისის თვეში გეოლოგი აკენტიევის მიერ ჩატარდა გორიჯვრის გოგირდოვანი წყლების გამოკვლევა, გეოლოგის დასკვნით - ,,დღევანდელ აბანოში მომდინარე წყალი წამში იძლევა მხოლოდ 1 ლიტრამდე და გაჭირვებით აკმაყოფილებს 7 აბაზანას, რომელიც მოწყობილია აბანოში, თუ თავი მოეყრება ყველა წყაროებს, რომლებიც გაფანტულია მთაში აბანოს შენობის ზევით, მაშინ წამში მივიღებთ 14 ლიტრა წყალს, რაც თავისუფლად შეიძლება ეყოს დღეში 60 აბაზანას. გეოლოგიური გამოკვლევის დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა 7 წყარო. გეოლოგ აკანტიევის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2 შენობის ასაშენებლად 1928 წლის 19 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილებით აღიძრა შუამდგომლობა თანხის გამოყოფის შესახებ. დამატებითი თანხები გამოიყო იმავე წლის ნოემბრის თვეში, გოგირდის წყლების ახლად აღმოჩენილ წყაროებზე ბეტონის თაღების გასაკეთებლად.

1931 წელს გორიჯვრის გოგირდის აბანო მოეწყო, დაინიშნა აბანოს გამგე და თანამშრომლები.

1938 წელს დაიწყო გორიჯვრის აბანოს და სასტუმროს მშენებლობა ,,გორიჯვრის გოგირდიანი წყალი დიდი ხანია ცნობილია როგორც სამკურნალო წყალი, მაგრამ სრული მოუწყობლობის გამო ეს აბანო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას... გორის რაიაღმასკომის პრეზიდიუმი ადგენს:

  1. გორიჯვარში არსებული პრიმიტიულ აბანოს მიეცეს ბალნეოლოგიური კურორტის სახე, ამისათვის ამ თავიდანვე საჭიროა დაწყებული იქნას მუშაობა ბევრ ადგილას გამომდინარე გოგირდოვანი წყალის თავის მოყრისათვის.
  2. აგებული იქნას სააბაზანო ახალი შენობა, სადაც მოეწყოს არა ნაკლები 30 ვანისა.
  3. ვინაიდან სამკურნალოდ მოსულ ავადმყოფებს, როგორც რაიონის სხვა და სხვა კუთხეებიდან, აგრეთვე შორეულ ადგილებიდან უხდებათ მკურნალობის გატარება სრულიად მიუღებელ პირობებში უბინაობის გამო, ამისათვის აგებული იქნას აბანოსთან სასტუმრო არანაკლები 100 კაცისათვის. აღიძრას შუამდგომლობა საქ. სახკომსაბჭოს წინაშე, რათა გორიჯვარში ბალნეოლოგიურ კურორტის მოწყობისათვის დაუშვას 1938 წელში საჭირო კრედიტი.

1943 წელს გაიხსნა კეთილმოწყობილი გორიჯვრის აბანო.

1953 წლის 3 აპრილს აღმასკომის მიერ დამტკიცდა გორიჯვრის სამკურნალო აბანოს ტიპიური დებულება, დებულების თანახმად აბანო შედიოდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგებლობაში, როგორც სამკურნალო სამეურნეო ორგანიზაცია.

1970-1980-იან წლებში  კურორტ ,,გორიჯვარში" ყოველწლიურად ტარდებოდა ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებები, სააბაზანო ოთახები და ლაბორატორია აღჭურვილი იყო თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით და მოწყობილობებით, სამზარეულო და სასადილო დანადგარებით, დამონტაჟებული იყო განათების სისტემა.

საფუძველი: გორის სამაზრო აღმასკომი-ფონდი N3; გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომი-ფონდი N6.

გორის ადგილობრივი არქივი                            

ქეთევან მაჭარაშვილი

კვირის ამბები