სამართალი
27.06.2023 20:19
კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი, 37 წლის მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული რ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის - რ.ი.-სთვის , რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ფერმაში 26 ივნისს მოხდა. 37 წლის მამაკაცის მხრიდან წაქეზების შედეგად ბავშვებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებულ მოზარდს სხეულზე სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებოდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კვირის ამბები